თენგიზ აფხაზავა: ბათუმში განახევრდა სოციალური ქულების მქონე ოჯახები, ანუ 6 000 იყო და ჩამოვიდა 3 000-ზე. ეს არის იანვრის შემდეგ, პირველი კვარტლის მონაცემები.

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, თენგიზ აფხაზავას განცხადება არის მცდარი.

სოციალური სარეიტინგო ქულა ოჯახს ენიჭება მას შემდეგ, რაც ის წარადგენს სპეციალურ განაცხადს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში, საიდანაც განმცხადებელთან მიდის სააგენტოს უფლებამოსილი პირი (სოციალური აგენტი) და ავსებს „ოჯახის დეკლარაციას". ამ დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში განთავსებისა და დადგენილი მეთოდოლოგიით დამუშავების შემდეგ, ოჯახს მიენიჭება სარეიტინგო ქულა. ქულის ოდენობა განსაზღვრავს, თუ რა ტიპის დახმარება (ფულადი და სხვა) უნდა დაენიშნოს ოჯახს.

განცხადების ავტორი ამბობს, რომ სოციალური ქულები სმქონე ოჯახების რაოდენობა განახევრებულია იანვრის შემდეგ, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ პერიოდტან ადარებს. ამიტომ ჩვენ 2023 და 2024 წლების იანვარ-აპრილის მონაცემები შევადარეთ. ასევე გადავხედეთ სტატისტიკას 2012 წლიდან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბათუმში რეგისტრირებული იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც სოციალური სარეიტინგო ქულები აქვთ მინიჭებული, გასული წლის ოთხი თვის მიხედვით, ყოველთვიურად, 11 ათასს აღემატებოდა, ხოლო 2024 წლის იანვარში თითქმის 12 ათასს აღწევს და შემდგომ თვეებში მუდმივად იზრდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიტიკოსი საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს გულისხმობდა (არაერთ პოლიტიკოსს რეგისტრირებული და შემწეობის მიმღები ოჯახი/პირი ერთმანეთში ერევა), განცხადებაში მოყვანილი მაჩვენებლები მცდარია. კერძოდ: 2023 წლის იანვარში ფულადი შემწეობის მიმღები იყო 5 852 ოჯახი, ხოლო 2024 წლის იანვარში 5 188 ოჯახი (ეს მონაცემები მოიცავს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ოჯახებს, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი უნარჩუნდებათ გარანტირებულად, ოთხი წლის განმავლობაში). ეს ნიშნავს, რომ რაოდენობა კი არ განახევრდა და 3 000-ზე ჩამოვიდა, არამედ 664 ოჯახით შემცირდა. თუმცა მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ, შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება და აპრილში 5 327-ს აღწევს. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდში კი პირიქით, მათი რაოდენობა აპრილში ნაკლები იყო, ვიდრე წინა ორ თვეში.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, თენგიზ აფხაზავას განცხადება არის მცდარი.

ანალიზი:

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა თენგიზ აფხაზავამ განაცხადა: „ბათუმში განახევრდა სოციალური ქულების მქონე ოჯახები, ანუ 6 000 იყო და ჩამოვიდა 3 000-ზე. ეს არის იანვრის შემდეგ, პირველი კვარტლის მონაცემები.“

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.

დასაწყისშივე გეტყვით, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და ფულადი შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა პოლიტიკოსებისთვის ერთ-ერთი საყვარელი თემაა და ამდენად, ჩვენ ამ ტიპის განცხადებებს ხშირად ვამოწმებთ. (იხ. ფაქტ-მეტრის სტატიები: 1; 2; 3; 4; 5). შეგახსენებთ, რომ ოჯახი, რომელიც სახელმწიფოსგან დახმარების მიღების საჭიროების წინაშე დადგება, სპეციალური განაცხადით მიმართავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს. განაცხადის შევსების შემდეგ, ოჯახში მიდის სააგენტოს უფლებამოსილი პირი (სოციალური აგენტი) და ავსებს დეკლარაციას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება მონაცემთა ერთიან ბაზაში, დამუშავდება დადგენილი მეთოდოლოგიით და ოჯახს მიენიჭება სარეიტინგო ქულა. ქულის ოდენობა განსაზღვრავს, რა სახის დახმარება (ფულადი სოციალური დახმარება და სხვა) უნდა დაენიშნოს ოჯახს. ფულადი საარსებო შემწეობა ენიშნება იმ ოჯახს/პირს, რომლის სარეიტინგო ქულა იწყება ნიშნულიდან „არ აღემატება 30 000-ს“ და მოიცავს კატეგორიას 120 000 ქულის ჩათვლით (ისეთ ოჯახში მცხოვრები ყველა 16 წლამდე ბავშვი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-მდეა, იღებს 150 ლარს, საარსებო შემწეობის სახით).

ჩვენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ორივე სტატისტიკას გავეცანით - რეგისტრირებულებისა და ფულადი საარსებო შემწეობის მიმღებების. განცხადების ავტორი ამბობს, რომ მონაცემები განახევრებულია იანვრის შემდეგ, მაგრამ შესადარებელ პერიოდს არ აკონკრეტებს. ამიტომ 2023 და 2024 წლების იანვარ-აპრილის მონაცემები შევადარეთ.

დიაგრამა 1. მიზნობრივი სოციალური დახმარებს პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა ბათუმში, 2023 წლის პირველი ოთხი თვის მიხედვით, სარეიტინგო ქულების გათვალისწინებით

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

დიაგრამა 1 აჩვენებს, რომ ბათუმში რეგისტრირებული იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც სოციალური სარეიტინგო ქულები აქვს მინიჭებული, გასული წლის ოთხი თვის მიხედვით, ყოველთვიურად, მზარდი იყო და 11 ათასს აღემატებოდა.

დიაგრამა 2. მიზნობრივი სოციალური დახმარებს პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა ბათუმში, 2024 წლის პირველი ოთხი თვის მიხედვით, სარეიტინგო ქულების გათვალისწინებით

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

თუ მხოლოდ აპრილის მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ წელს სოციალური სარეიტინგო ქულა მინიჭებული აქვს 12 224 ოჯახს, შარშან აპრილში კი ეს მაჩვენებლები იყო 11 584 ოჯახი. ამდენად, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სოციალური ქულების მფლობელი ოჯახების რაოდენობა კი არ შემცირდა, გაიზარდა. უფრო მეტიც, მონაცემები არ განახევრებულა 2020 და 2021 პანდემიურ წლებთან მიმართებითაც კი.

ვინაიდან ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას თვალსაჩინოს ხდის ის გარემოება, თუ რამდენი ოჯახი/ადამიანი იღებს ყოველთვიურ ფულად საარსებო შემწეობას, გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ბათუმში ამ მხრივ არსებული მდგომარეობა. საანგარიშო პერიოდად კვლავ 2023-2024 წლების პირველი ოთხი თვე ავიღეთ.

დიაგრამა 3 და 4. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა, 2023 წლისა და 2024 წლის იანვარ-აპრილის მონაცემები

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

შენიშვნა: 2023-2024 წლების მონაცემები მოიცავს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ოჯახებს/პირებს, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი უნარჩუნდებათ გარანტირებულად, ოთხი წლის განმავლობაში.

პოლიტიკოსის მიერ განცხადებაში მოყვანილი მონაცემები არც ერთ პარამეტრს არ ემთხვევა. იმ ოჯახებისა და მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა, რომლებსაც ქულები მინიჭებული აქვთ, 2023 წლის აპრილთან შედარებით, წელს გაზრდილია 640 ოჯახითა და 2 746 ადამიანით. მიმდინარე წლის აპრილში ფულად საარსებო შემწეობას 133 ოჯახით ნაკლები იღებდა, თუმცა მიმღები მოსახლეობის რიცხვი 52-ით გაიზარდა. 2023 წლის იანვარში ფულადი შემწეობის მიმღები იყო 5 852 ოჯახი, ხოლო 2024 წლის იანვარში 5 188 ოჯახი (მონაცემები მოიცავს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ოჯახებს, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი უნარჩუნდებათ გარანტირებულად, ოთხი წლის განმავლობაში). ეს ნიშნავს, რომ რაოდენობა კი არ განახევრდა და 3 000-ზე ჩამოვიდა, არამედ 664 ოჯახით შემცირდა. სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ოჯახების გარეშეც რომ ვიანგარიშოთ, თუ შარშან აპრილში შემწეობას 4 736 ოჯახი იღებდა, 2024 წლის აპრილში 4 194 ოჯახი იღებს. მათი რაოდენობა შემცირებულია, თუმცა განახევრებული არაა და არც 3 000-ზე ჩამოსულა. მეტი დამაჯერებლობისთვის, 2023 წლის დეკემბერში შემწეობის მიმღები იყო 4 191 ოჯახი (პლუს სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 1 006 ოჯახი). ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის აპრილის მიხედვით, შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა, სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ოჯახების გარეშეც, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაზრდილია როგორც შარშანდელ დეკემბერთან, ისე 2024 წლის იანვართან შედარებით.

ამდენად, თენგიზ აფხაზავა არსებული რეალობის წარმოჩენას პოზიტიურ კონტექსტში ცდილობს, ყურადღების მიღმა ტოვებს იმ გარემოებას, რომ მიმდინარე წლის აპრილში საარსებო შემწეობას მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში იღებდა. 2024 წლის აპრილის მაჩვენებელი (შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა) გაზრდილია ამავე წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის მაჩვენებლებთან მიმართებითაც. შარშან, ანალოგიურ პერიოდში, კი კლების ტენდენცია დაფიქსირდა. გაზრდილია იმ ოჯახების რიცხვიც, რომლებსაც სოციალური ქულები აქვთ მინიჭებული. მათი რაოდენობა 6 ათასი არასდროს ყოფილა და ბოლო მონაცემების თანახმად, არც განახევრებულა. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, პოლიტიკოსის განცხადებას ვაფასებთ ვერდიქტით მცდარი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5523 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი